11.01.2013

განკურნება შედევრია

      ბევრი საკითხის მოძიება და გარკვევა შესაძლებელია დღეს ინტერნეტის საშუალებით. ფაქტიურად ყველაფრის რეცეპტი ზიარდება მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ამან ვერ მოიტანა ჯანმრთელი ადამიანების რაოდენობის გაზრდა.


      საინტერესოა, არა? იარაღი თითქოს და არსებობს, ხოლო შედეგები არ ჩანს. არც ისე იოლად ყოფილა საქმე, როგორც ეს პირველი შეხედვით ჩანს. ნამდვილად, მკურნალობა განსაკუთრებული მცნებაა და არა მხოლოდ რეცეპტი და დიაგნოზია.

      მკურნალობა - მონდომებული და მოღვაწე პაციენტი და ყურადღებიანი ექსპერიმენტატორი მკურნალია, რომელიც სწორად იყენებს თავის ცოდნას და გამოცდილებას, მკურნალობა -  ურთიერთქმედება და ანალიზია, პასუხისმგებლობა და მოქმედებაა. ექიმს მოეთხოვება თავისი ცოდნის სწორად აკინძვა,  სისტემის სახით ჩამოყალიბება და ინდივიდუუმზე მორგება.

     ბევრი დავა არსებობს კლასიკური ტრადიციული და ალტერნატიული მკურნალობის თაობაზე.  მაგრამ პაციენტისთვის რა მნიშვნელობა აქვს რა მეთოდს გამოიყენებს ექიმი, მთავარია მან მიაღწიოს მთავარს - განკურნებას, თანაც მაქსიმალურად გათვალისწინებული პრინციპით - არ ავნო.

     მედიცინაში დიდი ხანია არეულია მცნება წამალი, საკვები დანამატი, პრეპარატი, სამკურნალო საშუალება და სხვა. არსებული სტანდარტები ხშირად გაუგებრობას უფრო წარმოშობენ, ვიდრე გაურკვევლობის აღმოფხვრას უწყობენ ხელს. სადღეისოდ მცნება - საკვები დანამატი და წამალი - მხოლოდ გარკვეული ქაღალდის არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული, ხოლო მთავარი - ზემოქმედება ორგანიზმზე - ნაკლებად საყურადღებო გახდა. ასევე ნუტრიცევტიკები -ეს საკვები ნივთიერებები ზუსტადაც რომ არის სამკურნალო საშუალებები, რადგანაც ჩვენს ორგანიზმს ეს ნივთიერებები სჭირდება ყოველ დაავადებასთან საბრძოლველად და არა ის, რაც ცოცხალ ბუნებაში არ გვხვდება - სინთეზური პრეპარატები.


     რატომღაც, თუკი ადრე ადამიანები წამლების გარეშე არსებობდნენ, დღეს ჩვენ წამლების გარეშე მკურნალობას ეჭვის თვალით ვუყურებთ. როგორ შეიცვალა ჩვენი აზროვნების სტანდარტები? დღეს ჩვენ გაცილებით მეტ სინთეზურს ვიყენებთ სამკურნალოდ, მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, იმიტომ რომ ასე იყო ნაჩვენები რეკლამაში, ასე გვეუბნება ექიმი, ასე აკეთებენ მეგობრები, მეზობლები და ასე შემდეგ.  თავს ვარიდებთ გააზრებულ ქმედებებს ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ და მხოლოდ მაშინ ვრთავთ ჩვენს აზროვნებას, როდესაც ამა თუ იმ წამლის გვერდითი ეფექტი ჩვენი ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. თანაც მინდა შეგახსენოთ, რომ უარყოფითი ეფექტი თითქმის ყველა წამალს გააჩნია! რა არის ამაში გასაკვირი ან მოულოდნელი, უფრო მეტსაც გეტყვით - გვერდითი ეფექტი რომ არ იყოს - აი ზუსტად ეს არის მოულოდნელი! რაც, ვფიქრობ, ასეთი პრეპარატების განსაკუთრებულად საჭირო შემთხვევებში გამოყენებას უნდა გულისხმობდეს, რასაც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ. მაგრამ სტერეოტიპი - დაავადება - წამალი - ჯანმრთელობა - ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. თქვენთვის?


     და კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც ჩემს წინა ნაწერში მსუბუქად შევეხე იხილეთ აქ წამლები, რომელიც რეკომენდირებულია მოხმარებისთვის ყოველთვის გათვლილია საშუალო სტატისტიკურ პაციენტზე. როგორ ფიქრობთ, თქვენ ხართ ასეთი საშუალო სტატისტიკური პაციენტი? თქვენთვის არის ეს პრეპარატი? გაგიკვირდებათ, მაგრამ ბუნებაში ასეთი საშუალო სტატისტიკური პაციენტი არც არსებობს. მაშინ ვისზეა გათვლილი ამდენი მრავალმილიონიანი ორმაგი ბრმა კვლევები, სადაც დასტურდება ამა თუ იმ პრეპარატის "არაჩვეულებრივი" მოქმედება?

     მე პირადად ასე მასწავლეს ჩემმა პედაგოგებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩემი პირადი გამოცდილებაც ნათლად მაჩვენებს, რომ ადამიანი ინდივიდუალურია და მისი მდგომარეობა მყისიერად იცვლება ყოველი ზემოქმედების შედეგად. მკურნალობის დროსაც ხდება ერთსა და იგივე პაციენტში მდგომარეობის ცვლილება ჰემოდინამიკის, შინაგანი მდგომარეობის, კომპენსაციის მექანიზმების კუთხით, მაგრამ ამ ცვლილებების შემჩნევა შეუძლებელია მხოლოდ წნევის გაზომვით ან ლაბორატორიული ანალიზების გამოყენებით, რაც ხშირია მკურნალობის პროცესში ადამიანის მდგომარეობის შეფასების დროს. ინდივიდუალიზმი ნამდვილად აკლია იმ მკურნალობას, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება და რომელიც შედეგების გათვალისწინებით არც თუ ისე წარმატებულია, საქმე ეხება მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მკურნალობას. მწვავე დაავადებები საბედნიეროდ სადღეისოდ მშვენივრად კორექტირდება.

     ამრიგად, ერთის მხრივ უამრავი რეცეპტი თუ რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, მეორეს მხრივ კი მედიცინა, თავისი "გამოკვლეული" პრეპარატებით, პაციენტის ინდივიდუალობის ნაკლებად გათვალისწინებით, და შუაში კი პაციენტი, რომელმაც ზუსტად არ იცის, სჭირდება თუ არა მკურნალობა ან როგორი მკურნალობა სჭირდება ტრადიციული თუ ალტერნატიული. ისე, რომ იცოდეთ, პაციენტი, რომელსაც განკურნება ნამდვილად უნდა ძალიან იშვიათია.

     ამრიგად, მკურნალობა ერთობ რთული და მრავალკომპონენტიანი საკითხი გამოდის, რომელიც გულისხმობს საჭირო დროს და საჭირო იარაღის (კლასიკური იქნება თუ სხვა) გამოყენების ხელოვნების ფლობას. ადრეც ავღნიშნე მკურნალობა - ხელოვნებაა და ამიტომ მკურნალი აუცილებლად შემოქმედი უნდა იყოს. ზუსტად ასეა შესაძლებელი შედევრის - განკურნების მიღწევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

იყავი გონიერი პაციენტი!გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში

Комментариев нет:

Отправить комментарий