10.29.2013

სუბიექტივიზმი სასარგებლოა?

ყველასათვის ცნობილი ფაქტია კვლევების შედეგებში ცდომილების არსებობა. ყოველ გამოსაკვლევ მეთოდს აქვს თავისი არეალი და შეზღუდვები. მართალია, ტექნოლოგიური გაუმჯობესება სულ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც მოყვება მეთოდების მგრძნობელობის ზრდა, მაგრამ ეს პრობლემა მაინც არსებობს. განსაკუთრებით ეს ეხება ლაბორატორიულ ანალიზებს, სადაც ამას ხელს უწყობს რამოდენიმე ფაქტორი: სისხლის ანალიზის ჩატარებისას არსებული ადგილობრივი პროცესები, განსაკუთრებით თითიდან აღებული ანალიზის დროს; რეაქტივების ხარისხი და მგრძნობელობა, რეაქციის ჩატარების პირობები; ლაბორანტის სუბიექტური თვისებები: ყურადღება, განწყობა და ასე შემდეგ; ექიმის შესაძლო შეცდომა ან უყურადღებობა ანალიზების შეფასებისას და ა.შ.




მკურნალობის პროცესში კი ესხელის შემშლელი პრობლემაა , რადგანაც სამკურნალო პროცესის არასწორი წარმართვის მიზეზი ხდება, ამას ემატება ისიც, რომ ხშირად ანალიზების პასუხი პაციენტის სუბიექტურ შეგრძნებებზე მეტად არის გათვალისწინებული, რაც, ვფიქრობ, არ არის მართებული.

მართალია, ექიმის დიაგნოზი და დანიშნულება ყოველთვის გამომდინარეობს როგორც ობიექტური - ჩატარებული კვლევების, ისე სუბიექტური - პაციენტის შეგრძნებების მიხედვით, მაგრამ ბოლო დროის ტენდენცია - ამ უკანასკნელის სულ უფრო ნაკლებად გათვალისწინებაა. და ეს არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც ხშირად იწვევს მკურნალობის გახანგრძლივებას ან გართულებას. რატომ?

დაავადება თავისი განვითარების დიდ ეტაპს "ჩუმად" გადის იხილეთ აქ მაგრამ ორგანიზმის კომპენსაციის მექანიზმები მის საწყისშივე აქტიურად ებმებიან მოქმედებაში, რასაც შინაგანი რესურსების აქტიური მოხმარება მოყვება, იგულისხმება  საკვები ნივთიერებების ხარჯვის ზრდაც. ხოლო, როდესაც ჩამოყალიბდება დაავადებისთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი ეს უკვე ნიშნავს, რომ საკომპენსაციო მექანიზმები ამოწურულია ან ამოწურვის ზღვარზეა.

ამ ეტაპს სუბიექტურად პაციენტი სხვადასხვა ჩივილებით ადასტურებს: ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანებულობა, უძილობა, წონის ცვლილებები და ასე შემდეგ. რადგან ეს ჩივილები არის ზოგადი ხასიათის, ექიმი მას ხშირად არსებითად არ აღიქვამს.
თუ ასეთ ადრიან სტადიაზე იქნება გაკეთებული გამოკვლევები, ექიმი ხელის მოსაკიდებელს  ვერაფერს ნახავს, რადგანაც დაავადების სამკურნალოდ არსებობს სქემები (ე.წ. გაიდ-ლაინები), სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული გამოხატულების სიმპტომი ან სიმპტომები, რისი დადგენაც უკვე იძლევა მკურნალობის შესაბამისი მოდელის დანიშვნის საფუძველს. ამის გარეშე მკურნალობის დაწყების უფლება ექიმს არ აქვს, არადა ეს არის ფუნქციური დარღვევების ეტაპი, ეტაპი, როდესაც მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური იქნება. (პრინციპში ამ ეტაპის ექიმების ყურადღების მიღმა დარჩენა განსაზღვრას ჩვენს ქვეყანაში პროფილაქტიკური მიმართულების არარსებობას. თუკი ჩვენ მეტ ყურადღებას ამ ეტაპზე გავამახვილებდით მოსახლეობას მკურნალობის ვადები და თანხები მკვეთრად შეუმცირდებოდა, ხოლო ავადობა მნიშვნელოვნად დაიკლებდა.)

პაციენტებთან ურთიერთობისას ასე გამოიყურება ეს პრინციპი (მომყავს პაციენტების მიერ მოტანილი მაგალითები): ერთ შემთხვევაში ექიმმა მთლიანად იგნორირება გაუკეთა პაციენტის მხრიდან არსებულ სუბიექტურ ჩივილებს და სიმპტომების გამკვეთრების შემდეგ დაიბარა, რითაც ხელი შეუწყო დაწყებული დაავადების შემდგომ უპრობლემო განვითარებას. მეორე შემთხვევა, სადაც საჭირო სისხლის გადასხმა არ ჩატარდა დასუსტებულ პაციენტში, რადგანაც ზოგიერთი სისხლის ანალიზის მაჩვენებელი არ ჯდებოდა გაიდ-ლაინით მოწოდებულ ნორმაში.



სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინა კლასიფიცირების და ნორმატივების ჩამოყალიბების მცდელობაში შორდება პაციენტის ინდივიდუალიზმს, რის გამოც პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინება სულ უფრო ნაკლებად ხდება. ამოვარდნილია სამკურნალო პროცესებიდან ეტაპი, როდესაც პაციენტს აქვს მხოლოდ სუბიექტური ჩივილები ანუ ეტაპი, სადაც დაავადება მხოლოდ ფუნქციონალური დარღვევების დონეზეა, ხოლო კომპენსაციის მექანიზმები ამოწურული არ არის. არადა მკურნალობა ზუსტად ამ ეტაპზეა წარმატებული.  

ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი რუსი ექიმი ბოტკინი, მხოლოდ ერთი შეხედვით ადგენდა პაციენტს რა პრობლემა ქონდა. აღმოსავლურ მედიცინაში დიდი ადგილი უკავია ცნობებს, თუ რომელ ორგანოს რა წარმომადგენლობა აქვს ჩვენს სხეულზე და სახეზე. კანზე არსებული  ესა თუ ის გამოვლინება: სიწითლე, ხალი, ლაქა - ყველაფერი მეტყველებს ორგანიზმში ამა თუ იმ ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, რასაც უმალვე იყენებენ პრაქტიკაში.



პაციენტის კუთხით რომ შევხედოთ ამ მოვლენებს, მისთვის მთავარი შედეგიანი მკურნალობაა, მაგრამ შედეგი არ მიიღწევა არც მხოლოდ ექიმის  და არც მხოლოდ პაციენტის  ძალისხმევით. ეს არის პროცესი, რომელშიც ყველას თავისი როლი და ადგილი აქვს.
 ერთის მხრივ ექიმს, როგორც ამ პროცესის სწორად წარმმართველს, მისი ორიენტირები უნდა იყოს არა ანალიზების გამოსწორება, რაც, ბუნებრივია, არ გამოირიცხება, არამედ პაციენტის თვითშეგრძნების გამოსწორება. აქაც შესაძლებელია ვარიანტები, რადგანაც ხანდახან პაციენტის კარგად ყოფნის შეგრძნება არ არის მისი რეალურად კარგად ყოფნის პირდაპირპროპორციული და ხანაც პირიქით.  მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც შეწუხებული პაციენტი მეუბნება, რომ რაღაც გამწვავება დაეწყო, რაზედაც ღებულობს ჩემს მშვიდ პასუხს, რომ ეს კარგია. :) 

ასევე უმნიშვნელოვანესია პაციენტის როლი, რომელიც თავისი შეგრძნებებით მართავს სამკურნალო პროცესს, რადგანაც ვერც ერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის შეგრძნებებს და რეაქციებს წამლებზე და ზემოქმედებებზე. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, თანაც ცვალებადი. ამიტომ სტანდარტებით და სქემებით მოქმედების დროს აუცილებელია ასევე პაციენტის სუბიექტური ჩივილების და მათი დინამიკის დაკვირვებაც, რასაც ხანდახან გადამწყვეტი როლი აქვს.



ამიტომ ვუსურვებ ექიმებს უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ თავიანთი პაციენტების მიმართ, არ უგულებელჰყონ მათი სუბიექტური ჩივილები და მეორეს მხრივ პაციენტებს ვუსურვებ დაუკვირდნენ საკუთარ თავს, შეისწავლონ საკუთარი ორგანიზმი, იცოდნენ მისი რეაგირება ამა თუ იმ მოქმედებაზე, საკვებზე, წამალზე, ხშირად გააკეთონ "სასარგებლო" ექსპერიმენტები ასეთი რეაქციების გასარკვევად და ამით საკუთარ ჯანმრთელობას დიდი სარგებელი მოუტანონ.



იყავი გონიერი პაციენტი!გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე ნახეთ:
და კიდევ მეტი იხილეთ ბლოგის არქივში




Комментариев нет:

Отправить комментарий